თეგებით ძიება
08. 07. 2024 ვიდეო

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ორი ახალგაზრდა კაცი - ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი (ვიდეო)

განსაკუთრებული სისასტიკით, მოკლულია ორი ახალგაზრდა კაცი - ვარკეთილში მეზობელმა კარის მეზობელსა და მის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი იარაღით მოკლა. ბრალდებული 44 წლის იური კალანდარიშვილია, რომელსაც ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. კალანდარიშვილი მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის. ამბობს, რომ მეზობლები თავს დაესხნენ, თუმცა, პოლიციაში დარეკვის ნაცვლად, კარი ჩაქუჩით შეიარაღებულმა გაუღო.

"კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელზეც მეზობლებს შორის დაპირისპირება და მკვლელობაა ასახული. კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ვიდეოკამერაა, რომელიც, ბრალდებულმა საკუთარ კარზე დაამონტაჟა, თუმცა სათვალთვალო არეალში მხოლოდ მოკლულის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი ექცეოდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ სათვალთვალო კამერაა.

უმძიმეს დასასრულამდე, იყო განუყრელი მეგობრობის 10-ზე მეტი წელი - თითქმის არცერთი დღე ერთმანეთის გარეშე. ჰყავდათ საერთო სამეგობრო წრე. საბედისწერო დღესაც ერთად გართობა დაგეგმეს. მხატვარი ბაჩო ბაშარული ვარკეთილში ცხოვრობდა, ნიკო ასურეთიდან თბილისში ჩამოვიდა, ბაჩოს შეხვდა და, რესტორანში, მეგობრის დაბადების დღე აღნიშნეს. გვიან ღამით, ნასვამებმა, ბაჩოს სახლში დარჩენა გადაწყვიტეს.

"კურიერი P.S-ის" მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში უახლოესი მეგობრების სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.

დაახლოებით, ღამის პირველი საათი - ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, ნასვამები, დერეფანში დგანან და ბინის კარის გაღებას ვერ ახერხებენ. ამ კადრებს იმ კარის მეზობლის სათვალთვალო კამერა იღებს, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე 2 მეგობრის მკვლელობის მუხლით ზის. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ბაშარული ფეხს იქნევს და მისი ფეხსაცმელი მისსავე კართან, კაბელებზე ეკიდება. ერთ მომენტში ბაჩო მეზობლის კამერას სანთებელას უჩვენებს.

რამდენიმე წამში, კარის მეზობელი იური კალანდარიშვილი მათთან გადის და, სავარაუდოდ, დაძაბული საუბარი იწყება. ჩანს, რომ ბაჩო ბაშარული მეზობელს კამერაზე მიუთითებს და, სავარაუდოდ, ანიშნებს, რომ თვალთვალი აღიზიანებს. სწორედ ამ დროს, იწყება ფიზიკური დაპირისპირება, და ბაჩოს თავში ქსოვილში გახვეული რეზინის ჩაქუჩი რამდენჯერმე ხვდება. ის მეზობლის მოგერიებას ცდილობს. ჩხუბით, იური კალანდარიშვილის სახლში შედიან. ნიკო არჩვაძე კონფლიქტში ერთვება. მეზობელი დერეფნისკენ უკვე ხელში იარაღით ბრუნდება. მას ნიკოსა და ბაჩოს ნივთები იმ ოთახში შეაქვს, სადაც უკვე ორი ადამიანი სისხლის გუბეში წევს. კარს კეტავს და კამერა ითიშება.

გაირკვა, რომ შემზარავი დანაშაული იური კალანდარიშვილმა იმ ოთახში ჩაიდინა, რომლის გვერდზეც მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ეძინათ. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წუთში, მან 112-ში დარეკა და მკვლელობა აღიარა, თუმცა - აუცილებელი მოგერიების მოტივით.

ადგილზე მისულ პოლიციას იური კალანდარიშვილის სახლში კი საზარელი სურათი დახვდა. 44 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც სასამართლოში, ისე ჩვენებაში, ბრალდებული მეზობლის მხრიდან თავდასხმასა და აუცილებელ მოგერიებაზე საუბრობდა. მაშინ ბრალდებულის მიერ შექმნილი მთავარი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი ნანახი არავის ჰქონდა. აუცილებელი მოგერიების ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატიც.

სხვა ვერსია აქვს გამოძიებას - პროკურორის მტკიცებით, დაახლოებით 10 ტყვია ბრალდებულმა ახალგაზრდებს დამიზნებით ესროლა.

ბაჩო ბაშარულის დედას მომხდარზე საუბარი უჭირს, თუმცა "კურიერი P.S.-ს" ინტერვიუზე დათანხმდა. შვილმკვდარი დედა ვერ ხსნის, რატომ გაიმეტა კარის მეზობელმა 2 ადამიანი სასტიკი მკვლელობისთვის. ირკვევა, რომ ერთადერთი უსიამოვნო საუბარი მეზობლებს შორის 4 წლის წინ შედგა.

მოკლულის ოჯახის მტკიცებით, ამ შემთხვევიდან მალევე, იური კალანდარიშვილმა, სახლის კარზე, კამერა ისე დააყენა, რომ თვალთვალის არეალში მხოლოდ ბაჩო ბაშარულის სახლი ექცეოდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ ბაჩოს კამერა აღიზიანებს და სახლში შესვლის, ან გამოსვლის დროს მას შეურაცხმყოფელ ჟესტს უჩვენებს. ოჯახის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, მხატვარს კამერის თაობაზე კარის მეზობელთან პრეტენზია პირადად არ დაუფიქსირებია.

"კურიერი P.S." ნიკო არჩვაძის ოჯახსაც შეხვდა - ასურეთში, იმ სახლში, საიდანაც მხიარული განწყობით წავიდა და უკან უცხო ადამიანის მიერ მოკლული მიასვენეს.

ახლა მოკლული მეგობრების ოჯახს სამართლიანობის იმედი აქვთ. სასამართლო იური კალანდარიშვილის საქმის განხილვას 29 ივლისს დაიწყებს. არ არის გამორიცხული, 2 ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები აირჩიოს.

წარდგენილი მუხლით, 44 წლის იური კალანდარიშვილს 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა