წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ქვეყანაში ამინდი მკვეთრად შეიცვალა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვადასხვა რეგიონში, წვიმის სახით, უხვი ნალექი მოვიდა. გამოიდარებს თუ არა ამ კვირაში და ზოგადად, რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - ამ თემასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის ეთერში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ ისაუბრა.
"გასული კვირის შუა რიცხვებიდან, გააქტიურდა სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმონაცვლება საქართველოს მიმართულებით, მაგრამ 6 ივლისს ცალკეულ რეგიონებში მოვიდა ძლიერი წვიმა.
რაც შეეხება დედაქალაქის ამინდს 14 ივლისამდე: დღეს, დღის მეორე ნახევარში კვლავ იწვიმებს ელჭექით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოდნავ დაკლებულია +35 გრადუსამდე. 9 ივლისსაც შენარჩუნდება იგივე ტემპერატურა. დაახლოებით, 10 რიცხვიდან ქვეყანაში ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, +36-დან +38 გრადუსამდე, მაგრამ ის სინოპტიკური სიტუაცია, რომელიც განაპირობებს ამ კვირის ამინდს საქართველოში, იმოქმედებს დედაქალაქზე და არაა გამორიცხული, რომ საღამოსა და ღამის საათებში გვქონდეს ხანმოკლე წვიმა, მაღალი ტემპერატურის ფონზე.
რაც შეეხება რეგიონებს: მთლიანად საქართველოს მთაგორიან რეგიონებში, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც. ეს პროცესი შენარჩუნდება კვირის ბოლომდე. 11 რიცხვიდან მოიმატებს ტემპერატურა, სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გავრცელების ფონზე, დაახლოებით, +36 +38 გრადუსებია ნავარაუდევი. ეს იქნება კატალიზატორი იმ შედარებით გრილი ჰაერის მასებისა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ამინდზე ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან. ასე რომ, დღის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, მთაგორიან რაიონებში, უნდა ველოდოთ ძლიერ, ხანმოკლე ხასიათის წვიმას. განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშია მოსალოდნელი შედარებით ძლიერი, ხანმოკლე ხასიათის წვიმები,"- განაცხადა დოდო გვაზავამ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში.
რაც შეეხება დღევანდელ ამინდს, ტემპერატურის პროგნოზი ქალაქების მიხედვით, ასეთია:
გაგრა+30 , სოხუმი+29 , ზუგდიდი+30 , მესტია +23 , ფოთი+27 , ბათუმი +27 , ოზურგეთი +28, ქუთაისი +32 , ამბროლაური + 30 , ახალციხე +28 , ბორჯომი +26, ბაკურიანი +22 , გორი +31 , ცხინვალი +29 , სტეფანწმინდა + 20 , გუდაური +16 , თელავი +29 , რუსთავი +33 , თბილისი +31.