თეგებით ძიება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აპირებს, ნატოს ლიდერებთან ერთად განიხილოს საფრთხე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ევროპას უქმნის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ აპირებს, ნატოს ლიდერებთან ერთად განიხილოს აშკარა საფრთხე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ევროპას უქმნის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას ორ კორეას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ იუნ სოკ იოლმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა აშკარა საფრთხე და სერიოზული გამოწვევაა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის კორეის ნახევარკუნძულზე და ევროპაში. ჩრდილოეთ კორეა აშკარა საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რუსეთი გონივრულად გადაწყვეტს, რომელი მხარეა - სამხრეთი თუ ჩრდილოეთი - უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო საკუთარი ინტერესებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის იარაღით მხარდაჭერის შესახებ სეული გადაწყვეტილებას იმის საფუძველზე მიიღებს, თუ როგორ იმოქმედებს ახალი სამხედრო პაქტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სეული „რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის დონესა და შინაარსს“ მონიტორინგს გაუწევს. საუბარია ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა იარაღით ვაჭრობა, სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა და სტრატეგიული მასალებით დახმარება.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ომისთვის რუსეთის ფედერაციას ბალისტიკური რაკეტები და არტილერია გაუგზავნა. სეულს ასევე არ მოსწონს მოსკოვსა და ფხენიანს შორის გაფორმებული ახალი ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ევროპასა და აშშ-ის სხვა მოკავშირეებთან უსაფრთხოების კავშირების გაძლიერების აუცილებლობას ჩრდილოეთ კორეის საფრთხის შესაჩერებლად. მოსალოდნელია, რომ სეული წელს კიბერთავდაცვის წვრთნებში მონაწილეობით ნატოსთან პარტნიორობას ახალ დონეზე გადაიყვანს.

ცნობისთვის, იუნ სოკ იოლი 2022 წელს გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ლიდერი, რომელიც ნატოს სამიტს დაესწრო. ახლა ის ვაშინგტონში ალიანსის ღონისძიებაზე მიდის, რომელიც 9-11 ივლისს გაიმართება. სამხრეთ კორეა ავსტრალიასთან, იაპონიასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად წარმოადგენს 4 აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორს, რომლებიც სამიტის ფარგლებში 10-11 ივლის მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა