უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე, სიმართლეს არ შეესაბამება - რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე საჰაერო იერიშის მიტანას უარყოფს და განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს არის კიევის რეჟიმის ისტერიკა, რომელიც ნატოს მორიგი სამიტის წინ ხდება“.
"უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ {უკრაინის ხელისუფლება} მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო კადრები ნათლად ადასტურებს ქალაქის შიგნით საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ კიევის რეჟიმის მსგავსი ისტერიკა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყოველ ჯერზე ხდება მათი მფარველების, ნატოს მორიგი სამიტის წინა დღეს. ასეთი პროვოკაციების მიზანი კიევის რეჟიმის შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა და ომის გაგრძელებაა“, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, კიევში რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 41 ადამიანი.