აშშ-ს, ჩინეთსა და ევროკავშირს შეუძლიათ, რუსეთს ომის დასრულება აიძულონ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და მთელ ევროკავშირს შეუძლიათ, ერთობლივად იმოქმედონ, როგორც შუამავლებმა, რათა რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი აიძულონ, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინამ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა და სხვა ქვეყნებიდან ნებისმიერი წინადადებისთვის ღიაა.
„რაც შეეხება [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრ ორბანს, ის კიევში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის მოსკოვში გაფრინდა. არ ვიცოდი, მოსკოვში თუ მიფრინავდა. ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა თქვა, შეუძლია თუ არა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, იყოს შუამავალი.
„რუსეთსა და უკრაინას შორის არავითარი შუამავლობა არ არსებობს. მხოლოდ სერიოზული, ძლიერი ალიანსები შეიძლება, იყვნენ შუამავლები. მთელ მსოფლიოს შეუძლია, აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ეს ომი. ეს არ ეხება შუამავლობას, ეს ეხება შესაძლებლობებს. თქვენ უნდა გქონდეთ ეკონომიკა, რომელიც რუსეთზე გავლენას ახდენს, ან რუსეთი და პუტინი ამაზე არიან დამოკიდებულები. ან გყავთ ძალიან ძლიერი არმია, რომლისაც პუტინს ეშინია, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული? ბევრია ასეთი ქვეყანა მსოფლიოში? - არ არის ბევრი. ჩემი აზრით, ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. ვფიქრობ, ასეთი ქვეყანა ჩინეთია, ასევე, არა მხოლოდ ერთი ქვეყანა ევროკავშირში, არამედ მთელი ევროკავშირი. ეს მართლაც შეიძლება იყოს ასეთი შუამავალი მისია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ იყო შეთავაზებული შესაძლებლობა, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთზე ზეწოლა და პუტინის შეჩერება.
„ამისთვის კი ყველა ძალა უნდა გავაერთიანოთ. ის [პუტინი] არ სცემს პატივს მათ, ვინც სუსტია. თუნდაც რომელიმე სახელმწიფოს შეხვდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომის დასრულება უნდა. მას სურს რაღაც ნაბიჯების დემონსტრირება. მაგრამ ამ დემონსტრაციის მიღმა მას ყოველთვის აქვს სისხლიანი დემონსტრაცია, რომელიც დღეს დილით უკრაინაში აჩვენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კიევში რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 41 ადამიანი.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში ჩავიდა, სადაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.