აშშ-ს საქართველოში პარლამენტის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს - რუსეთის საგარეო დაზვერვა
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ტასსი წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით.
9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემები „ადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე განწყობას, საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიაღწიოს ხელისფლების შეცვლას”.
რუსეთის საგარეო დაზვერვის თანახმად, „ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის”.
ამასთან ტასსი საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეერთებული შტატების წაქეზებით, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში, რასაც საბოლოოდ მორიგი ფერადი რევოლუცია მოჰყვება.