კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა - დაღუპულია 29 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი
კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს "ოხმადეტის" ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
"რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, - აღნიშნა კლიმენკომ.
8 ივლისს ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსებმა Kh-101 ტიპის რაკეტები სწორედ ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს. გაშვებული 38-დან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.