თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია - Bloomberg

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 დოლარამდე ღირებულებისაა.

რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი Kaspi.kz-ის მმართველი პარტნიორი, მიხეილ ლომთაძეა, რომელიც 6.89 მილიარდი დოლარით, 407-ე ადგილზეა. ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შეფასება წლიურად 1.84 მილიარდი დოლარით, ანუ 36.4%-ითაა გაზრდილი.

Bloomberg-ისგან განსხვავებით, უცვლელია ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასება Forbes-ის რეიტინგში და 4.9 მილიარდი დოლარს შეადგენს. ამასთან, Forbes-ის რეიტინგში მიხეილ ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

BM.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა