კაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა - სასტიკი მკვლელობა საჩხერეში
8 ივლისს ღამით საჩხერეში მკვლელობა მოხდა. ნასვამმა მეზობელმა ავტომატის ჯერით კუტალაძეების ოჯახში თბილისიდან სტუმრად ჩასული 45 წლის მამაკაცი ავტომატით მოკლა.
კახა ლობჯანიძის მკვლელმა მიმალვა სცადა და სამართალდამცველებმა ის გორში აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 109-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. როგორც უწყებაში გვითხრეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
AMBEBI.GE-მ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოკლულის ოჯახის ახლობლისგან გაარკვია. მკვლელი იმ ოჯახის ნათესავი და მეზობელია, სადაც ტრაგედია მოხდა.
"წინა დღეს ნასვამებმა იჩხუბეს, მეორე დღეს კი იმ გარეწარმა სიძის მოკვლა განიზრახა, ღამის 11-დან 12 საათის ფარგლებში ჩაუარა მათ სახლს და ისე, რომ ავტომანქანიდან არც გადმოსულა, ავტომატის ჯერი გადაატარა სახლს, ავტოფარეხს, ეზოს. ამ დროს ეზოში კუტალაძეების ნათესავი კახა ლობჯანიძე მდგარა, რომელიც მამიდაშვილთან სტუმრად იყო ჩასული.
სამი ტყვია აქვს ავტოფარეხს მოხვედრილი, კახას კი ტყვია ზურგში მოხვდა, მას არტერია გადაჭრილი ჰქონდა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში იყო, კახა თბილისელია, ვარკეთილში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე. მშრომელი, უწყინარი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო.. კახა ადრე დაობლდა და უფროსი დის გაზრდილია. არ ვიცი, ავტომატი დაშინების მიზნით გადაატარა თუ რა, მეზობლების თქმით, ის მთვრალი იყო. არადა, ოჯახში ბავშვები იყვნენ და კიდევ კარგი, ისინიც არ მიაყოლა.
გაოგნებულები ვართ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ასე სასიკვდილოდ რომ გაემეტებინა ნათესავი? ამ უაზრო წაკამათებას კი სრულიად უდანაშაულო და საუკეთესო ადამიანი ემსხვერპლა... მკვლელი დაუჭერიათ, გორში გაქცეულა და პოლიციას ნათესავის სახლში აუყვანია. ჯოჯოხეთი ტრიალებს საჩხერეშიც და თბილისშიც“, - გვითხრა კახა ლობჯანიძის ახლობელმა.