მიხედეთ გელათს, სანამ იქ ალავერდივით ქარბორბალა დატრიალებულა! - ნინო მიქიაშვილი
სოციალურ ქსელში ნინო მიქიაშვილი პოსტს აქვეყნებს:
მიხედეთ გელათს, სანამ იქ ალავერდივით ქარბორბალა დატრიალებულა!
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის საკურთხეველში (სადაც არის მოზაიკით შესრულებული ღვთისმშობელი) ჩავიდა წყალი. ეს როგორ და რატომ მოხდა იცით?! ახლახანს გელათის გადარჩენის კომიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაოების დროს მოჭიქულ კრამიტზე არსებული თუნუქის სახურავი მოიხსნა. აი, ამის გამო ჩავიდა წყალი საკურთხეველში.
გელათში სამუშაოები მიმდინარეობს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის გადარჩენის კომიტეტის ხელმძღვანელობით. გელათში მიმდინარე სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს მამა კირიონ ონიანი და მისი მეგობარი, არაერთ დანაშაულში მხილებული ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
რამდენიმე დღის წინ მამა კირიონი ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოება დაამშვიდა, რომ გარკვეული პერიოდით გელათი იკეტება, იქ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო. უფრო ადრე დავით ლორთქიფანიძემ ტელეკამერასთან გააკეთა კომენტარი, რომ წყლის ჩასვლის მიმართულებით უნდა ვიყოთ მშვიდად (ეს სიუჟეტი შენახული მაქვს, უბრალოდ, სახლიდან ტექნიკურად არ მაქვს ინტერნეტით მისი ატვირთვის საშუალება).
საქართველოს ხელისუფლება - სადამდე უნდა იყოთ ასე გაჩუმებული?! რას ელოდებით? გელათს იუნესკოს სიიდან რომ ამოიღებენ, ან უბედურება რომ დატრიალდება, მერე მიხედავთ საქმეს?!
რაც ახლა გელათის ირგვლივ ხდება, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ყოველდღიური, ან ძალიან ხშირი შეხება აქვთ ჩვენს პატრიარქთან, მისგან ჯერ ვერაფერი ისწავლეს და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, მისგან დამოუკიდებლად იღებენ. ამ აბზაცში რაც წერია, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ (გელათის მაგალითზე და არა მხოლოდ).
შეგახსენებთ რომ გელათში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უძღვებოდა, საპატრიარქომ შეაჩერა - სამუშაოების ფიზიკურად გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. აი, ამის შემდეგ, კულტურის მინისტრის ინიციატივით სამუშაოების წარმოების უფლება და ხელმძღვანელობა საპატრიარქომ გადაიბარა, შექმნა გელათის გადარჩენის კომიტეტი და სათავეში ჩაუყენა მამა კირიონი და დავით ლორთქიფანიძე.
კიდევ ცნობილია ის რომ გელათის მონასტრის მთავარი ტაძარი ერთი ქოლგის ქვეშ უნდა მოაქციონ. ანუ ერთიანი დროებითი გადახურვა უნდა მოაწყონ, ისე რომ ამჟამად არსებულ სახურავსა და დროებით გადახურვას შორის იყოს სივრცე, სადაც წლების განმავლობაში იმუშავებენ სპეციალისტები. დაგვიფაროს ღმერთმა და ეს დროებითი კონსტრუქცია რომ ჩამოემხოს ტაძარს, ამის თავიდან ასაცილებლად რას და როგორ აკეთებენ, ეს კაციშვილმა არ იცის. ყველაფერი მინდობილია მამა კირიონზე და ლორთქიფანიძეზე.