ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე პოლიტიკურ ძალებს საკუთარ პირობებს უყენებს
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგებს წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ არჩევნებს გამარჯვებული არ ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„ქვეყანაში დემოკრატიული გამოხატვის საჭიროება არსებობს. თუ უკიდურესი მემარჯვენეები პირველ ტურში 11 მილიონი ხმით პირველ ადგილზე გავიდნენ, თქვენ აშკარად უარი თქვით მათი მთავრობაში მოსვლაზე. არავინ მოიგო. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკმარისი უმრავლესობა. როგორც პრეზიდენტი, მე ვარ ქვეყნის უზენაესი ინტერესების დამცველი, ინსტიტუტებისა და თქვენი არჩევანის პატივისცემის გარანტი“, - აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, ჩაერთონ გულწრფელ დიალოგში ქვეყნისთვის მყარი უმრავლესობის შესაქმნელად.
„სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღებ გადაწყვეტილებას პრემიერის დანიშვნაზე. ეს მოითხოვს პოლიტიკური ძალებისთვის მცირე დროის მიცემას, რათა კომპრომისს მშვიდად და ყველას მიმართ პატივისცემით მიარწიონ. მანამდე, მოქმედი მთავრობა გააგრძელებს თავისი პასუხისმგებლობის განხორციელებას“, - დასძინა მან.