თეგებით ძიება
10. 07. 2024 მსოფლიო

ახალი ევროპული რაკეტა „არიან-6“ კოსმოსში პირველად გავიდა

ახალი ევროპული მძიმე რაკეტა-მატარებელი „არიან-6“ კოსმოსში პირველად გავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ სტარტი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთთ მდებარე კოსმოდრომ კურუდან აიღო. ფრენის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) Youtube-არხზე გადაიცემოდა.

რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ევროპული კომპანიებისა და კვლევითი ინსტიტუტების 9 სატელიტი გაიყვანა, ბორტზე ასევე იყო ორი კაფსული, რომლებიც დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყო. პლანეტაზე უნდა დაბრუნებულიყო რაკეტის გაქანების ბლოკიც, თუმცა ფრენის ბოლოს რაკეტის სისტემებში ანომალიები დაფიქსირდა და მისიის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.

ამის მიუხედავად, ESA-ში მისიას წარმატებულად თვლიან.

„ეს ისტორიული მომენტია. ახალი რაკეტა-მატარებლის პირველი ფრენა ყოველწლიური მოვლენა არ არის. ეს ყოველ 20 ან 30 წელიწადში ერთხელ შეიძლება ვნახოთ, დღეს კი „არიან-6“ კოსმოსში წარმატებით გავუშვით“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა იოზეფ აშბახერმა.

„არიან-6“-ზე მუშაობა 2014 წლიდან მიმდინარეობდა, მასში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა საფრანგეთის თაოსნობით. რაკეტის გაშვება თავდაპირველად 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე გადაიდო. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიარდი ევრო იყო.

ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ახალი რაკეტა ESA-ს კოსმოსში გარანტირებული, ავტონომიური წვდომით უზრუნველყოფს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა