თეგებით ძიება

ბესელია - 25% ყოყმანისა და ფიქრის რეჟიმში რჩება, შესაძლოა, გახარიასთან ერთად მსხვილი გაერთიანება იყოს ის, რაც ამ ტიპის ამომრჩეველსაც მოიცავს

ამომრჩევლის 25 პროცენტი რჩება ყოყმანის და ფიქრის რეჟიმში - შეიძლება გიორგი გახარიასთან ერთად მსხვილი გაერთიანება იყოს ის, რომელიც მოიცავს ამ ტიპის ამომრჩეველსაც, აქ არის ახლა საჭირო მუშაობა , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ბესელიას მოსაზრებით, საინტერესო იქნება თუკი საარჩევნო ე.წ. მესამე ცენტრში იქნებიან საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობა, აქციების მონაწილეები და ლიდერები და ასევე, „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეები.

„არის ორი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იმედოვნებს, რომ არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. შეიძლება, კიდევ გავხდეთ პოლიტიკური გამსხვილების მომსწრენი. 1-ელ აგვისტომდე ყველა პარტიას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ ვისთან ერთად იქნება არჩევნებზე. ბოლო კვლევებით გამოჩნდა ის, რომ ამომრჩევლების 20-25 პროცენტი არც ერთ კონფიგურაციას არ აძლევს ხმას. რაღაც სხვა სჭირდებათ, სხვა რამეს ელოდებიან. ამომრჩევლის 25 პროცენტი რჩება ყოყმანის და ფიქრის რეჟიმში, ამოცანა სწორედ ის არის, რომ ვინ შეიძლება იყოს მათ გემოვნებასთან ახლოს. ეს ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგული ხმაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შეიძლება გიორგი გახარიასთან ერთად მსხვილი გაერთიანება იყოს ის, რომელიც მოიცავს ამ ტიპის ამომრჩეველსაც, აქ არის ახლა საჭირო მუშაობა. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ამ ცენტრში , საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობა , აქციების მონაწილეები და ლიდერები, „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეები“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა მზად არჩევნებში მონაწილეობა მიეღო გახარიას პარტიასთან ერთად, ბესელია პასუხობს, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო რაც შეეხება გიორგი გახარიას, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მათ შორის ბარიერი არის ის, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი „ქართული ქარტიისთვის“.

„არ ვიყავი მზად. საერთოდ არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. უფრო ვფიქრობდი, რომ იმ პროცესებზე რაშიც ჩართული ვიყავი („ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებული მოლაპარაკებები), ასევე, ვფიქრობდი, რომ ჩემი პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალგაზრდებისთვის დამეთმო. არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მქონდა ახლო ურთიერთობა და ბევრს ვსაუბრობდი გიორგისთანაც და სხვებთანაც. ამ ეტაპზე, მთავარი სამოქმედო გეგმა არის ქარტია, რომლითაც ვხედავთ თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და გავიდეთ ევროპულ გზაზე. უახლოეს დღეებში მივიღებ გადაწყვეტილებას, რას და როგორ გავაკეთებ. ბარიერი ჩემთვის იქნება ნებისმიერი პარტია, რომელიც ქარტიას ხელს არ აწერს“,- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, დღეს ვისთან აქვს მოლაპარაკებები, ბესელია პასუხობს, რომ აქვს საუბრები ყოფილ თანაგუნდელებთან, ახალგაზრდებსაც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

„კონსულტაციები დაწყებული მაქვს. გვარებზე არ შემიძლია ამ ეტაპზე საუბარი,ვესაუბრები ყოფილ თანაგუნდელებს, ახალგაზრდებსაც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. მომხრე ვარ, რომ იყოს მრავალფეროვანი ცენტრი, ასევე მინდა ასეთ ცენტრში დავინახო ემიგრაციაში მყოფები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი. ამომრჩევლის ის 20-25 პროცენტი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, იქნებ სწორედ მათთვის იყოს საინტერესო ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი“, - განაცხადა ბესელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა