უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, მისი მომავალი ნატოშია - ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია
უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. მისი მომავალი ნატოშია, – ამის შესახებ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაშია აღნიშნული.
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევისგან თავისუფლად. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ვილნიუსის სამიტის შემდეგ დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
რადგან უკრაინა განაგრძობს ამ მნიშვნელოვან საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი მხარდაჭერის მიზნით, 2025 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ.
"ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ისეთი ძალის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს რუსული აგრესია დღეს და შეაჩეროს იგი მომავალში. ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ მინიმალური საბაზისო დაფინანსება 40 მილიარდი ევროს ოდენობით მომავალი წლის განმავლობაში და უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი დონე, უკრაინის საჭიროებების, ჩვენი შესაბამისი ეროვნული საბიუჯეტო პროცედურებისა და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც მოკავშირეებმა უკრაინასთან გააფორმეს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.