2024 წლის 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან სრულად გათავისუფლების წელიწადი - ირაკლი კობახიძე
2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი, 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძის მიმართ სიტყვიერ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მოთოკოს ემოციები.
"მინდა, გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა მიხეილ სარჯველაძის მიმართ, რომლის ავტორიც იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. ეს ორგანიზაცია, ჩვენი ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ფინანსდება ერთი მხრივ, კეზერაშვილ-ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორებისგან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება, მესმის, არავის მოსწონს გამჭვირვალობა და არ არის კომფორტული ასეთი ადამიანებისთვის, თუმცა მოვუწოდებ ყველას მოთოკონ ემოციები შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი ფინანსდება უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ რაც დანაშაულის ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი, 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი“, – განაცხადა პრემიერმა.