უკრაინას სურს, რუსეთის მონაწილეობით მეორე სამშვიდობო სამიტი აშშ-ის არჩევნებამდე გამართოს - Bloomberg
უკრაინას სურს, ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მეორე სამშვიდობო სამიტი გამართოს, ამჯერად რუსეთის მონაწილეობით. ამის შესახებ Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით ერთმა უკრაინელმა და რამდენიმე დასავლელმა ოფიციალურმა პირმა აცნობეს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ კიევი აშშ-ის არჩევნებამდე მეორე სამიტის გამართვას გეგმავს.
ამავე დროს, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მოკავშირე ქვეყნების რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ზედმიწევნით ორგანიზებული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნითა და „კონტროლირებადი მოლოდინებით“.
თუმცა, სააგენტოს ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამიტი შედგება.
"აშშ-ის არჩევნების წინ შეხვედრის ორგანიზების მცდელობები უკრაინის მხრიდან გადაუდებლობის განცდაზე მიუთითებს, რადგან ის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივის წინაშე დგას“, - ნათქვამია სტატიაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, ჩაატაროს მეორე სამშვიდობო სამიტი წელს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ ამ საკითხში მხარს დაუჭერს.
როგორც ცნობილია, ზელენსკი მშვიდობისთვის „ახალ კონკრეტიკას“ ივლისიდან ელოდება, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართული პირველი სამშვიდობო სამიტის შედეგებს დაეყრდნობა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტი ე.წ. გლობალური სამხრეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარდეს.