თეგებით ძიება

პარლამენტში ამნისტიის პროექტი დააინიცირეს

დღეს, 11 ივლისს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის პროექტი დააინიცირა. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანს ეფუძნება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება დამატებით დაახლოებით 225 მუხლი.

„პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

მისი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით.

„რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა