ბრალდებულს, რომელიც 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.