ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმას, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ მუქარის გამო, პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქმე ეხება ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმას. 2022 წელს "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობითა და ცემით ემუქრებიან. "ფორმულას" ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ისმის 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის მუქარა, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, როცა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი ვერ მოხვდა. ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა.