6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 10%-იან ზრდას შეადგენს.
2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის მიმართულებითაც – მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტები 3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა. 2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებით, მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების კი 33%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ორ კვარტალში 29%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე, ხოლო რეისების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი.