მსახიობი შელი დიუვალი გარდაიცვალა
მსახიობი შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას გამოცემა Sky News ავრცელებს.
შელი დიუვალი ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერთში 1949 წლის 7 ივლისს დაიბადა.
დიუვალმა კარიერა 1970-იან წლებში რობერტ ოლტმენის ფილმებში მონაწილეობით დაიწყო, მათ შორისაა ბრიუსტერ მაკ-კლაუდი (1970), ჩვენნაირი ქურდები (1974) და ნეშვილი (1975). ამ უკანასკნელმა მსახიობს ცნობადობა მოუტანა. დიუვალისთვის კარიერული გარღვევა იყო 1977 წლის თრილერი 3 ქალი, რომელმაც მას კრიტიკული აღიარება მოუტანა. ფილმისთვის მან საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კანის კინოფესტივალის ჯილდო და ბრიტანეთის კინოინსტიტუტის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა. ამავე წელს დიუვალმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში ენი ჰოლი.
1980 წელს დიუვალმა ვენდი ტორენსის როლი შეასრულა სტენლი კუბრიკის ფილმში ნათება. მსახიობის 1980-იანი წლების პერიოდის ცნობილი ფილმებია: დროის ბანდიტები (1981), ფრანკენუინი (1984) და როქსანა (1987). კინოკარიერის გარდა დიუვალი მცირეწლოვან მაყურებელზე გათვილ სატელევიზიო პროგრამებზე მუშაობდა, რომელთა როგორც შემქმნელი, ასევე წამყვანიც იყო, ესენია: ჯადოსნური ზღაპრების თეატრი (1982-1887) და ზღაპრები & ლეგენდები (1985-1987). ამ უკანასკნელისთვის მან 1988 წელს ემის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა.
1990-იანი წლებიდან დიუვალმა სამსახიობო მოღვაწეობა განაგრძო. მსახიობის ამ პერიოდის ფილმებს შორის აღსანიშნავია სტივენ სოდერბერგის შიგნით (1995) და ჯეინ კემპიონის ქალის პორტრეტი (2002). დიუვალმა უკანასკნელი როლი 2002 წელს ფილმში მანანა სამოთხიდან შეასრულა, რის შემდეგაც მსახიობობა შეწყვიტა.