დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან. შედეგად, მოგზაურობის დროს მომხდარი უბედური/გადაუდებელი შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო ხარჯი ყველა მზღვეველის მიერ ანაზღაურდება:
▪ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში, არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ოდენობით(მანამდე ძირითადად იყო - 1000 ევრო/დოლარი);
▪ ჰოსპიტალური და ქირურგიული მომსახურებისთვის, 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ოდენობით (მანამდე ძირითადად იყო დღიური ლიმიტი, საშუალოდ 400 ევრო/აშშ დოლარი ერთ დღეზე. თუ დაზღვევა აღებული იყო მაგალითად 10 სამოგზაურო დღეზე, შესაბამისად ლიმიტის ჯამური თანხა არ აღემატებოდა 4,000 ევრო/აშშ დოლარს).
ასევე, შეიცვალა ჰოსპიტალური ხარჯების ანაზღაურების პრინციპი:
თუ დაზღვეული მოთავსდა ჰოსპიტალში სადაზღვევო პერიოდში, მაგრამ ჰოსპიტალური მკურნალობა გრძელდება დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდეგაც, მკურნალობის ხარჯი ანაზღაურდება სრულად 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ფარგლებში, ან სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) დღის ხარჯი (მანამდე ძირითადად, ანაზღაურება სრულდებოდა სადაზღვევო პერიოდთან ერთად და დაზღვეულს უკვე თავისი სახსრებით უნდა დაეფარა ხარჯები, რომელიც ვადის დასრულების შემდგომ დაეკისრებოდა).