21 წლის გოგოს წამებით მკვლელობა ლილოში - რა დაადასტურა სასამართლოზე მოკლული გოგოს არასრულწლოვანმა დამ?
ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმე - პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ სასაამრთლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფიზიკურად იძალადა.
პროკურორის თქმით, დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ის არასრულწლოვანია და შესაბამისად, მისი დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა.
"რაც შეეხება მიმოწერებს, ჩვენ საქმეში გამოთხოვილი გვაქვს, როგორც წინა დღის, ისე წინა პერიოდის მიმოწერები. რასაკვირველია, ცალკე აღებული არ ვიხილავთ ამ მესიჯებს. წინა პერიოდის მესიჯები მიუთითებს იმ გარემოებაზე, როგორ ექცეოდა ბრალდებული დაზარალებულს, რა სიტყვებით, უცენზუროდ მოიხსენიებდა მას, რომელსაც შემდეგ სხდომაზე გამოვიკვლევთ. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გარდა ამისა, სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა 112-ის ჩანაწერი, რითაც ირკვევა, რომ პირი 112-ის თანამშრომელს ატყობინებს, რომ ლილოს დასახლებაში ცხედარი იპოვეს და ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლას ითხოვს. სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.