"ირაკლი ყველას უყვარდა... მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?
ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 18 წლის ირაკლი ირემაძე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი.
AMBEBI.GE-ს ირაკლის კლასის დამრიგებელი ნინო ზაქარიაძე ესაუბრა:
"ირაკლის ინგლისურს ვასწავლიდი, თან მისი კლასის დამრიგებელი ვარ. ირაკლი დვაბზუდან დადიოდა ნასაკირალის სკოლაში. დღეს დამირეკა ჩემმა მოსწავლემ და მითხრა, რომ ირაკლი მშენებლობაზე იყო და სახურავიდან გადმოვარდა. მეტი არაფერი ვიცი... კლასში ორი ირაკლი ირემაძე მყავდა და პირველი ეგ ვიკითხე, რომელი-მეთქი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა... ირაკლის მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა. მაისში, როცა ბავშვებს ბოლო ზარისთვის ვამზადებდი, მითხრა, არ ვიცი, მონაწილეობას თუ მივიღებ, ბათუმში უნდა წავიდე სამუშაოდო.
ვეუბნებოდი, არ წახვიდე ირა, ვიმეცადინოთ, ბოლო ზარზე გამოდი-თქო, ხათრი ვეღარ გამიტეხა, დამთანხმდა და გამოვიდა კიდეც სიტყვით. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, თბილი, ალალი, მართალი, სულ იღიმოდა, ერთთავად კარგ ხასიათზე იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. ირას დიდად სწავლა არ უყვარდა, მაგრამ მე ამით არასდროს ვაფასებდი მას, ადამიანური ბიჭი იყო და ეს იყო მისი მთავარი ღირსება.
როგორც ვიცი, ირაკლის ძმა ჰყავს, დედა არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ირაკლი ბოლო ზარზე როცა მოვიდა, ერთი რამ მეუცნაურა: პერანგზე მინაწერებს ვაკეთებდით და იქ ვნახე ისეთი პესიმისტური ტექსტი, რამაც გული ძალიან მატკინა. ვკითხე, ირაკლი, ეს ვინ დაგიწერა-მეთქი, და დედამო. რაღაც სიკვდილზე იყო საუბარი, დედა უწერდა, მე რომ მოვკვდებიო, თუ რაღაც მსგავსი. ისე ლამაზად ჰქონდა თმა შეჭრილი, ვკითხე, ვინ შეგაჭრა-მეთქი და დედამო.
დედა ძალიან უყვარდა, სულ დედას ახსენებდა. უკონფლიქტო იყო და ყველას უყვარდა, პატარა შეკამათებაც კი არ მახსოვს, მისგან ისეთი სითბო მოდიოდა... იმაზე იყო მოტივირებული, რომ ემუშავა, სულ ამაზე მესაუბრებოდა. ისე მატკინა გული, ვერ აღგიწერთ, ბავშვსაც გააჩნია, ის იმდენად კარგი იყო... მშენებლობაზე ალბათ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, თორემ ეს საშინელება ხომ არ მოხდებოდა? ესაა ჩვენი უბედურება... სიკვდილსაც ხომ გააჩნია? მთელი დღეა, მკვდარივით ვარ, ძალიან ცუდად ვარ".