"თუ გაქვთ შნო და უნარი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ პარლამენტის მანქანები და იარეთ მეტროთი" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას
თუ გაქვთ შნო და უნარი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ [მანქანები] და იარეთ მეტროთი. ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ვიქნები პარლამენტში თუ არა, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას, პარლამენტის ავტოპარკის განახლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პარლამენტი ახალ ავტომობილებს მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ყიდულობს.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, 2007 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტს მანქანები არ შეუძენია.
"ხომ აპირებს ოპოზიცია მთავრობაში მოსვლას, აი, მათთვის გავაკეთეთ, შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ამ მოწვევას არ შეეხება და თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ [მანქანები] და იარეთ მეტროთი. აი, ვინც მოხვალთ შემდეგში, რომ იქნებით პარლამენტში წარმოდგენილი, მე თქვენგან დაველოდები, "იცით რა, ჩვენ უარს ვამბობთ ამ მანქანით მომსახურებაზე და ვივლით ფეხით". ამას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ვიქნები პარლამენტში თუ არ ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გვარებით ჩამოგიყვებით, თუ მოხვდით ვინმე, ვინც ივლით იმ ახალი მანქანებით," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს. როგორც პარლამენტის აპარატი განმარტავს, მის ბალანსზე არსებული ავტომობილები ამორტიზებულია და მათი ჩანაცვლება ჰიბრიდული ავტომობილებით მოხდება.