ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.