თეგებით ძიება
13. 07. 2024 მსოფლიო

ფინეთმა რუსეთთან საზღვარი მიგრანტებისთვის ჩაკეტა

ფინეთის პარლამენტმა 12 ივლისს, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით - 167 მხარდამჭერი 31-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მიგრანტების ამ ქვეყანაში რუსეთის გავლით შემოსვლას. ამიერიდან, ფინელ მესაზღვრეებს შეეძლებათ პირდაპირ საზღვარზე უთხრან უარი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ თავშესაფრის მაძიებლებს.

ზოგიერთმა საგუშაგომ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს თავშესაფრის განცხადების მიღება. გამონაკლისი გათვალისწინებულია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დოკუმენტს, სახელწოდებით "კანონი მართვადი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი ღონისძიებების შესახებ," მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ მმართველი პარტიების, არამედ ოპოზიციის დეპუტატებსაც. ის დროებითია და ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი გადაწყვეტილება.

ჰელსინკი რუსეთს ადანაშაულებს სომალიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების წახალისებაში, რათა ფინეთში გაემგზავრონ. დაახლოებით 1300 მიგრანტი უკვე შევიდა ფინეთში რუსეთის გავლით. ფინეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ამ გზით შურს იძიებს ფინეთის ნატოში შესვლისთვის.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ კანონი აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს. გასულ წელს ფინეთმა დახურა რვა ოფიციალური საგუშაგო რუსეთთან 1300 კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა