აშშ-ს რაკეტების შეკავების პოტენციური მსხვერპლი დასავლური დედაქალაქებია – პესკოვი
აშშ-ს მიერ შორი მანძილის რაკეტების ევროპაში განთავსების გეგმების პასუხად კრემლში ამბობენ, რომ ამ შეიარაღების შეკავების საშუალება გააჩნიათ, თუმცა პოტენციური მსხვერპლი გახდება იმ სახელმწიფოების დედაქალაქები, სადაც ეს იარაღები იქნება განთავსებული. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
"რა თქმა უნდა. მუდამ ხომ ასეთი პარადოქსული სიტუაცია იყო. შეერთებული შტატები ათავსებდა ასეთ რაკეტებს, სხვადასხვა სახის რაკეტებს, სხვადასხვა სიშორის, მაგრამ, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანას უმიზნებდნენ. ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენი რაკეტებისთვის მიზანში იღებდა ამ ევროპულ წერტილებს. და, აი, პარადოქსული სიტუაცია: ამერიკა აგრძელებს ფულის გამომუშავებას. ევროპა ჩვენი რაკეტების მიზანშია, ჩვენი ქვეყანა ევროპაში მდებარე ამერიკული რაკეტების სამიზნეში. ეს ყველაფერი უკვე გავლილი გაქვს. ჩვენ გვყოფნის პოტენციალი იმისთვის, რომ ეს რაკეტები შევაკავოთ, მაგრამ პოტენციური მსხვერპლები ამ სახელმწიფოების დედაქალაქები გახლავთ." – თქვა პესკოვმა.
ივნისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა საშუალოდ და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს და შესაძლოა მიიღოს აშშ-ს წინააღმდეგ მათი სხვადასხვა რეგიონებში განთავსების გადაწყვეტილება.
10 ივლისს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან აშშ დაიწყებს გერმანიის ტერიტორიაზე შორი მანძილის მქონე შეიარაღების "ეპიზოდურ" განთავსებას. Deutsche Welle ხაზს უსვამდა, რომ გერმანიაში ცივი ომის შემდეგ პირველად განათავსებენ დიდი რადიუსის მქონე რაკეტებს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლებათ. აშშ-ს მსგავსი იარაღი ევროპაში 1980-იანი წლების შემდეგ არ განუთავსებია.