ბათუმელები: შეკვეთილში "რუსული კლუბი" პედაგოგებსა და ბავშვებს წვრთნის
გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო მირაჟში ტარდება რუსული კლუბის მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელსაც ქართული სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.
გამოცემა წყაროს მიერ მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით წერს, რომ სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მიწვეულები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არ პასუხობენ კითხვას, აქვთ თუ არა ამ პირებს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი.
ბათუმელების ინფორმაციით, ტრენერებს შორის არიან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის თანამშრომელი, 2022 წლიდან უკრაინის სანქციების სიაში მყოფი ნატალია ნოვიკოვა, სოლჟენიცინის სახლი საზღვარგარეთიდან წარმომადგენელი, ტატიანა მარჩენკო და ვინოგრადოვის რუსული ენის ინსტიტუტიდან ვადიმ კრისკო.
გამოცემის ინფორმაციით, სემინარს, სავარაუდოდ, რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ევგენი პრიმაკოვის სანქცირებული ორგანიზაცია, Россотрудничество აფინანსებს.
ორგანიზაციის საიტზე 1 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისინი "პარტნიორი ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი ოფისების მხარდაჭერით" მართლაც გეგმავდნენ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის ქართველი მასწავლებლებისთვის ღონისძიებების, მათ შორის, საზაფხულო სკოლის გამართვას. აღსანიშნავია, რომ ამავე ანონსში, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებადაა მოხსენიებული.
ბათუმელები წერს, რომ დღის წესრიგის მიხედვით, სემინარში მასწავლებლების გარდა მოსწავლეები, უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ.
როგორც ბათუმელები წერს, სემინარის დღის წესრიგის მიხედვით, 14 ივლისს ღონისძიების ბოლოს, გალა საღამო გაიმართება, სადაც გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს.
ის, რომ მირაჟში რუსული კლუბის მიერ ორგანიზებული სემინარი იმართება მთავარ არხთან ინტერვიუში დაადასტურა სასტუმროს წარმომადგენელმაც და თქვა, რომ სემინარი იმ ქართველი მასწავლებლებისთვის ტარდება, ვინც რუსულ ენას ასწავლის და სასტუმროს ფულს თავად რუსული კლუბი უხდის.
"სულ ქართველი მასწავლებლები არიან, თბილისის. მეთოდებზე, გრამატიკაზე... სემინარია. [...] მათი სწავლების მეთოდებზეა საუბარი, მეტი არ ვიცი. რუსული კლუბი [გვირიცხავს თანხას]". - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ Россотрудничество-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა და მისი მთავარი მისიაა გააძლიეროს რუსეთის ჰუმანიტარული გავლენა მსოფლიოში. 2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი "რუსული სახლი".