ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის საზღვართან სიტუაცია განიმუხტა და ძალების გამოყვანა ბრძანა
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ლუნინეცკის რაიონში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინამ საკუთარი ძალები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან ჰყავდა განლაგებული, გაიყვანა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა მომახსენა, რომ ჩვენი განსაზღვრული მუშაობის შემდეგ, უკრაინელებმა საკუთარი შეიარაღებული ძალები და დამატებითი სამხედროები, რომლებიც ჩვენს საზღვართან გადმოისროლეს, საზღვრიდან გაიყვანეს და საერთოდაც გაიყვანეს ბელარუს-უკრაინის სასაზღვრო ზონიდან." – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინელებთან ახლა საზღვარზე დაძაბული ვითარება არ აქვთ და იმედოვნებს, რომ არც ექნებათ.
ამას გარდა ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთან "უკრაინის მიმართ სამომავლო ნაბიჯების" განხილვას აპირებს. მისი თქმით, რუსეთმა, ბელარუსმა და უკრაინამ "მალე უნდა მოილაპარაკონ".
"რაც არ უნდა ზემოდან დაგვყურებდნენ, რანაირადაც არ უნდა გვკენწლავდნენ, თითქმის მტრებსაც კი გვეძახიან, უკრაინისთვის ჩვენ არანაირი მტრები არ ვართ. უკვე არაერთხელ მითქვამს. ეს ჩვენი ხალხია. ისეთივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ, როგორებიც რუსები. ჩვენ მალე უნდა მოვილაპარაკოთ. როგორც ჩანს, შეიძლება მოლაპარაკება. მაგრამ მთავარია მოვილაპარაკოთ. თუ არ იქნება დიალოგი, საუბარი - ეს იქნება ესკალაცია და ხალხი დაიხოცება." – თქვა ლუკაშენკომ.
ივნისის ბოლოს ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები სასაზღვრო რეგიონში გააქტიურდნენ. 1-ელ ივლისს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის კონტროლი გაამკაცრა, რათა არ დაეშვათ "ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიიდან წამოსულიყო". საპასუხოდ ლუკაშენკომ თქვა, რომ საზღვარი გააძლიერეს ბელარუსმა მესაზღვრეებმაც და პოზიციებზე ისკანდერის ტიპის რაკეტები და პოლონეზის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიტანეს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში საოკუპაციო ძალების შესაყვანად გამოიყენა. ამას გარდა, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მიჰქონდათ საჰაერო იერიშებიც.