ბუდანოვი: პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი. ამის შესახებ ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"[პუტინზე თავდასხმის] მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა". - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, პუტინი დიდი ხანია, მისი წრისთვის კომპრომისული ფიგურა აღარ არის. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ.
"როგორც ჩემი ბებია მეუბნებოდა, ხალხი სტალინის სიკვდილის შემდეგ ფიქრობდა, რომ მათი მთელი სამყარო დაინგრა, გაურკვეველი იყო, როგორ უნდა ეცხოვრათ. პუტინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაშია, ასე რომ, ეს იქნება ძალიან მსგავსი გრძნობა, მაგრამ ახლა რუსებს აქვთ მისი დაკარგვის შიში, რადგან ის არის მათ ცხოვრებაში სტაბილურობის მთავარი გარანტი". - თქვა ბუდანოვმა.