“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ – შოკისმომგვრელი ამბავი - რას ამბობს დაზარალებული პაციენტი და მისი ექიმი?
ექიმმა პაციენტს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვა. 32 წლის დაზარალებული, ნანა ბოჭორიშვილი კურიერი P.S- თან შოკისმომგვრელი ამბის დეტალებზე საუბრობს.
როგორც ის ჰყვება, 2 წლის წინ ელენთის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში ექიმებმა მუცლის ღრუში ჩატოვებული მაკრატელი ვერ აღმოაჩინეს.
“საშვილოსნოს მარცხენა მხრიდან პირველ ნეკნამდე იყო მაკრატელი. ასე ვატარებდი 2 წელი, მუცლით – ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს. თვითონ ამბობდა, რომ წარმატებით დასრულდა ოპერაცია, თუმცა ვიყავი ძალიან ცუდად. მქონდა მაღალი სიცხეები, ვერ ვჯდებოდი, ვერ ვდგებოდი და საწოლში ვიწექი. მეუბნებოდა, რომ ეს იყო პოსტოპერაციული მდგომარეობა და მისაღები იყო.“
მისი თქმით, ჩარჩენილი მაკრატელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოაჩინა. კლინიკამ ასევე ოპერაციის კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ამოაქვთ მაკრატელი მუცლიდან.
“მითხრეს, რომ ორგანიზმში მაქვს უცხო სხეული და თავიდან გასაჭრელი ვიყავი. მარცხენა მხარეს წავიდა თრომბები. თქვეს, რომ შეიძლება მოსაჭრელიც გახდესო“, – იხსენებს ნანა ბოჭორიშვილი.
თავად ქირურგი კი აცხადებს, რომ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები არსებობს, სწორედ ამიტომ ხელსაწყოები ისეთი ტიპის მეტალისგან მზადდება, რომელიც ორგანიზმთთან თავსებადია
“დაიგეგმა ოპერაცია. ოპერაცია იყო რთული და ხანგრძლივი. დამთავრდა წარმატებით. ექოსკოპიები უკეთდებოდა ზედა ზონაში, სადაც ოპერაცია ჩატარდა და იქ არაფერი მსგავსი არ იყო. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, 32 წელია ქირურგიაში ვარ და ეს ჩემთვის მორალურადაც ძალიან დამთრგუნველია. სამწუხაროდ არის მსოფლიოში ამის სტატისტიკა და ხდება ასეთი შემთხვევები. არ მინდა ჩავიდე სიღრმეებში, ჯობია იმსჯელოს კომპეტენტურმა სამედიცინო ექსპერტმა.
ამ ოპერაციის შემდეგ, პროცენტულად, თრომბოზების დიდი ალბათობა შეიძლება იყოს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ინსტრუმენტი, რომელიც იყო ფიქსირებული არის სტერილური მომჭერი. ქარხნებიც კი ითვალისწინებენ ამ ნიუანსებს და უმეტესობა ისეთი მასალისგან მზადდება, რომ ორგანიზმთან შეუთავსებლობა არის მინიმუმამდე დაყვანილი“, – აცხადებს ქირურგი.
ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იკვლევს.