საქართველოში, მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა
ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, საქართველოში, მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა.
„წელს, დაახლოებით, 116 ათასი ძაღლი და კატაა აცრილი საქართველოში მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა“ - ამბობს თენგიზ ჩალიგავა "ინტერპრესნიუსთან“.
ჩალიგავას განცხადებით, ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაციის ფარგლებში, წელს, დაახლოებით, 116 ათასი ძაღლი და კატაა აცრილი და პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
თენგიზ ჩალიგავამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფით ქალის გარდაცვალების შემთხვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცოფით დაავადებული ძაღლის არსებობის და შესაბამისად, მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.
"ცოფის შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მხოლოდ 14 დადებითად მორეაგირე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. შარშან ამ დროს 54 შემთხვევა გვქონდა. შარშან ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ეფექტი გვაქვს. რაჭაში შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა.
ორი ნაწილი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან: შემთხვევები ადამიანებში და ცხოველებში. ცხოველებში არ ფიქსირდება და არ დასტურდება. ის შემთხვევა, რაც დადასტურდა ადამიანებში [ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევა], შეიძლება, უკავშირდება ეპიდემიოლოგიურად სხვა შემთხვევას. ჩვენი მოკვლევის შესაბამისად, მეპატრონეს ცხოველი ჰყავდა წამოყვანილი ქუთაისიდან, ზუსტი ადგილმდებარეობა ვიცით და ვაგრძელებთ მოკვლევას. თებერვალში ჰყავდა ეს ცხოველი მოყვანილი, რომელიც 10 დღის პერიოდში მოუკვდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან თებერვალში და არც მის შემდგომ არ შემოსულა. გარდა ამ ერთი ძაღლისა, მეპატრონეს ჰყავდა სხვა ცხოველებიც, რომლებიც აცრილები არიან შარშანაც და წელსაც. ჩვენთვის არც ამ ცხოველის არსებობა იყო ცნობილი და არც სიკვდილი.
დაახლოებით, ყოველ წელს სამასი ათას ძაღლსა და კატას ვცრით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოღონდ პატრონიან ცხოველებს, ქუჩის ცხოველებს - არა. წელს, დაახლოებით 116 ათასი ძაღლი და კატა გვყავს აცრილი. აცრის პროცესი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ სადმე ფიქსირდება ცოფი ცხოველებში, მიუხედავად მისი წინა ვაქცინაციის სტატუსისა, მაინც განმეორებით ტარდება იმ ცხოველებში, იმ სოფელში, იმ უბანში ხელახალი ვაქცინაცია.
ძაღლებში ცოფის დადასტურებული შემთხვევები ძირითადად, იმერეთსა და სამეგრელოშია“, - განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.
შეგახსენებთ, ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა და მისი სამკურანლო მედიკამენტი არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დაავადება განვითარდა და პაციენტს აღენიშნა სიმპტომი, ის სამწუხაროდ, ვეღარ გადარჩება. შესაბამისად, სულ მცირე რისკის დროსაც კი აუცილებელია ვაქცინაცია.