შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მორიგი სამშვიდობო სამიტის გეგმა ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად და ამ მიზნით დაგეგმილია სამი შეხვედრის გამართვა, რომელიც უკრაინული „სამშვიდობო ფორმულის“ პუნქტების განხილვას მიეძღვნება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, პირველი შეხვედრა დაეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში კატარში შედგება. ასევე, აგვისტოში გაიმართება შეხვედრა თურქეთში, სადაც ნაოსნობის და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
სექტემბერში კი კანადაში შედგება მოლაპარაკებები, სადაც მძევლების გაცვლისა და დეპორტირებულთა დაბრუნების თემაზე იმსჯელებენ.
„აღნიშნული სამი პუნქტის განხილვის შემდეგ, თუ ეს იმუშავებს, მშვიდობის ფორმულის ყველა პუნქტის რეალიზაციის გეგმა მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 10 ივლისს სააგენტო „ბლუმბერგმა“ დაწერა, რომ უკრაინას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სამართლიანი სამშვიდობო დარეგულირების მიზნით, კიდევ ერთი კონფერენციის გამართვა აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს და ამ შეხვედრაზე კიევს რუსეთის დელეგაციის მიწვევაც უნდა. რუსეთში კი ამბობენ, უკრაინული სამშვიდობო სამიტის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ აპირებენ.