ონკოპაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. უწყების ცნობით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
აქამდე პაციენტებს მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცნო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.
სამინისტრო არ აკონკრეტებს რა რიცხვიდან ამოქმედდება ცვლილება.
"დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.