ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა - ღარიბაშვილი
ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა! ამას მოწმობს ის უდავო ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ამ დაუნდობელი ომების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ერთი მხრივ ინარჩუნებს მშვიდობას, მეორე მხრივ კი, განუხრელად ვითარდება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობაზე, რომელსაც მოფრთხილება და შენარჩუნება ჭირდება, რადგან მისი თქმით, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან! ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება! ომი საშინელებაა, და ეს, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, მალე, ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.