თეგებით ძიება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდელო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილებები კანონმდებლობაში თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებას და ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის ჯარიმების შემოღებას ეხება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, კანონით განიმარტება ტერმინი - თამბაქოს წარმოება, თამბაქოს წარმოება გახდება ლიცენზირებადი საქმიანობა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.

„ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტმა, ჩვენი კომიტეტის ძალისხმევით, თამბაქოს მოხმარების რეგულაციებთან და კონტროლთან დაკავშირებით კანონი მიიღო, რაც ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. კანონით თამბაქოს გარკვეულ ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები ავამოქმედეთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს წარმოებაზეც დაწესდეს კონტროლი. ამასთანავე, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარი არის თამბაქოს ხარისხის გაუმჯობესებაზე და არავითარ შემთხვევაში თამბაქოს პოპულარიზაციაზე. მოსახლეობის ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებ, რომ თამბაქო არის მავნე და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას. წარმოდგენილი კანონპროექტით ვცდილობთ მაქსიმალური კონტროლი დავაწესოთ ნაწარმის ხარისხზე, რათა მოსახლეობამ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი მიიღოს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა