სექტემბრიდან საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს
სექტემბრიდან საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს და რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.