IRI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.
IRI-ის ცნობით, საარჩევნო და პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
IRI-ის თანახმად, საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის.
„დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა სტივენ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორმა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის და გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო.
„საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა აქვს საარჩევნო გამჭვირვალობას პრიორიტეტი მიანიჭოს და უზრუნველყოს რომ საქართველოში სანდო, ყველანაირი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის“, – განაცხადა ნიქსმა.
IRI-ის თანახმად, მათი სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის შესაბამისად წარმართავს.
მათივე განცხადებით, დაკვირვების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მიგნებები დაეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ქცევის კოდექსის ფარგლებში აღიარებენ.