ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისული არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.