The Times of Israel: თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული ონლაინ-გაზეთი The Times of Israel ავრცელებს.
დრონი თელ-ავივის თავზე გამთენიისას გამოჩნდა. გამოცემის თანახმად, ის ზღვიდან შემოფრინდა. ისრაელის თავდაცვის არმია კი მიიჩნევს, რომ დრონი იემენიდან იყო გაშვებული.
აღსანიშნავია, რომ დრონი ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ვერ დააფიქსირა. თელ-ავივში გამაფრთხილებელი სირენაც არ ჩართულა. საბოლოო ჯამში, დრონი ქალაქის ცენტრში, აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს დაეცა და აფეთქდა.
თელ-ავივზე დრონით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. მათი წარმომადგენლის განცხადებით, მათ ეს ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების მხარდასაჭერად გააკეთეს.