21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერი ამოიღეს, აღენიშნებოდა 59 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა - სამედიცინო ექსპერტის უმძიმესი დასკვნა
სამედიცინო ექსპერტის, გულნაზ ტატანაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, საფეთქლის მიდამოდან მეტალის საგანი - დანის წვერი იქნა ამოღებული.
სამედიცინო ექსპერტიზა მოკლულის ცხედარს სწორედ გულნაზ ტატანაშვილმა ჩაუტარა. მისი თქმით, ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის ყველა მიდამოში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები და ნაკაწრები, საერთო ჯამში, 59 დაზიანება ჰქონდა.
როგორც ექსპერტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მოკლულს ყველაზე მეტი ჭრილობა თავზე, ყველა ნაწილში ჰქონდა, ასევე, ზურგის, მტევნებისა და ქვედა კიდურების მიდამოებში. მოკლულს ყველა ჭრილობა და ნაკაწრი სიცოცხლის დროს ჰქონდა მიყენებული.
სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე ოთარ ცინდელიანის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა. მისი განმარტებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად შერაცხადი იყო.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.