"მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი არ მახსოვს, კაიფში ვიყავი" - 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული
21 წლის გოგოს წამებით მკვლელობა ლილოში - სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ექსპერტმა, სოფიკო ყორიაულმა დაადასტურა, რომ მასთან დაკავებულმა კაცმა დანაშაული აღიარა.
ექსპერტის თქმით, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს და არ ახსოვს, როგორ მიაყენა 21 წლის ქალს 53 სასიკვდილო ჭრილობა.
ექსპერტს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.
"ხელითაც შევხებივარ.. "კაიფში" ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე", - ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა.
სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.
ცინდელიანს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე მოითხოვს, მკვლელობისთვის დაკავებული ცინდელიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნონ.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.