თეგებით ძიება

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი პარლამენტს 3 რეკომენდაციით მიმართავს

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით სთავაზობს რეკომენდაციებს:

ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ  აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;

სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ;

განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას." ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სახალხო დამცველი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულებებიდან შესული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო. მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. 

პარალელურად, აქციებს მართავენ პატიმრების ოჯახის წევრები და ამნისტიის გაფართოებას მოითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა