თეგებით ძიება

ამნისტიის კანონპროექტი „ქართული ოცნების" ზონდერებს ეხება - თეონა აქუბარდია

გააჩინეს განცდა, რომ ეს ამნისტია იქნებოდა სამართლიანი და ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, ამან გარკვეული მოლოდინები გააჩინა, რომ ეს შეეხებოდა ბევრ ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ პატიმრების პროტესტი ციხეებში , - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული კანონი, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა მიიღონ, „ქართულ ოცნებას" პატიმრების ხმების მისაღებად სჭირდება.

„ამნისტია ჰუმანური აქტია და როდესაც წესიერად ხდება ამნისტიის მიღება, ამას გარკვეული საფუძვლები აქვს, მათ შორის კვლევა, თუ რის საფუძველზე ხდება ამ მუხლების შერჩევა. დღეს ვიკითხე და პასუხი ვერ მივიღე მომხსენებლისგან - თუ არსებობს კვლევა, იმისთვის რომ დანაშაულის რეციდივს არ ჰქონდეს ადგილი. რაღაცის საფუძველზე ხომ აიღეს ეს მუხლები და ჩაყარეს - ვის ეხება და ვის არ ეხება.

რატომ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების" ზონდერებს ეხება - ის დანაშაულები, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა ეწარმოებინა და არ აწარმოვა, იმ სამსახურებს, რომლებიც არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. შსს-მ დაიწყო არა იმ მუხლებით, რომელიც უნდა ყოფილიყო ადეკვატური იმ ფიზიკური ზემოქმედების, ჩვენი მოქალაქეების ცემის, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, არამედ სწორედ იმ მუხლებით, რომელიც ამნისტიის მუხლებში წერია, შესაბამისად, ის დანაშაულები, რომელიც „ქართული ოცნების" დავალებით კონკრეტული ადამიანების ჯგუფებმა ჩაიდინეს, ამ ადამიანების ამნისტირება მოხდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი სცემეს, ალეკო ელისაშვილი, დავით ქაცარავა და ეს ხალხი სასამართლოშია დაბარებული და სახელმწიფო აქეთ ედავება მათ ძალადობას, როდესაც პოლიციელების ცემის შედეგი ჩვენ ვნახეთ.

ის მოქალაქეები, რომლებსაც პარლამენტის წინ თუნუქის ფურცლები ჰქონდათ მოტანილი და აბრახუნებდნენ, ექვსი წლით გაუშვეს ციხეში. ამ ადამიანებს ეს ამნისტია არ ეხებათ, ეხებათ ზონდერებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის დროს ძალადობდნენ. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა ვთქვა, რომ ეს კანონპროექტი არის სამართლიანი.

გააჩინეს განცდა, რომ ეს ამნისტია იქნებოდა სამართლიანი და ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, ამან გარკვეული მოლოდინები გააჩინა, რომ ეს შეეხებოდა ბევრ ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ პატიმრების პროტესტი ციხეებში. თან ეს ისეთ პერიოდში ხდება - სექტემბრის ბოლოს უნდა მიიღონ ამნისტიის კანონი და ოქტომბერში არჩევნებია, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას" სჭირდება იმისთვის, რომ პატიმრების ხმები იყიდოს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა