ამერიკელი სენატორი სასამართლომ ეგვიპტის მთავრობის აგენტად გამოაცხადა
აშშ-ის სასამართლომ ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი კორუფციის საქმეზე მასშტაბური სასამართლო პროცესის ფარგლებში ყველა პუნქტზე დამნაშავედ ცნო. ის ოქროს სახით ქრთამის აღებაში და ეგვიპტის მთავრობის აგენტად საქმიანობაში იყო ბრალდებული. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საერთო ჯამში მენენდესი მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა 16 დანაშაულში ცნეს დამნაშავედ, მათ შორისაა მექრთამეობა, გამოძალვა, თაღლითობა, დანაშაულებრივი შეთქმულება და სასამართლოს მუშაობისთვის ხელის შეშლა.
პროკურატურის ინფორმაციით, მენენდესი დანაშაულებრივი ქმედებით თანამზრახველების გამდიდრებას უწყობდა ხელს, რომელთა შორის მისი ცოლიც არის. ის რამდენჯერმე შეხვდა ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენლებს და აშშ-ის მილიონიანი სამხედრო დახმარების საკითხებს განიხილავდა, რისი კომპეტენციაც არ ჰქონდა.
მენენდესს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. განაჩენის გამოცხადება 29 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული. ბობ მენენდესი თავს დამნაშავედ არ ცნობს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
მენენდესი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის და იმის მიუხედავად, მიუსჯიან თუ არა მას რეალურ სასჯელს, სასამართლოს გადაწყვეტილება სენატორად მენენდესის მორიგი ვადით არჩევის შანსებს ამცირებს. როგორც „დემოკრატებმა“, ასევე „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოუწოდეს ბობ მენენდესს, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.
რამდენიმე წლის წინ ბობ მენენდესმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა.
მენენდესმა მაშინ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და დამოუკიდებელი მედიის დევნის შესახებ ისაუბრა.