რას ფიქრობს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვების საზაფხულო დავალებებზე
სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, როგორ უნდა გამოიყენოს ბავშვმა ზაფხულის არდადეგები, უნდა იმეცადინოს თუ არა. ამ კითხვაზე ფსიქოლოგი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს მოსაზრებას უზიარებს.
"ბავშვებმა, როგორც იქნა, ამოისუნთქეს - არდადეგები აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არდადეგები მოძრავი და აქტიური მოქმედების იყოს, რადგან ბავშვები სწავლის პერიოდს ისედაც ოთახში ატარებენ. თუ არ მეცადინეობენ, გაჯეტებთან არიან. ამიტომ ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მოძრავი და აქტიური ზაფხული - სირბილი, ცურვა, ტყეში სიარული... მშობლები იკითხავენ, აბა, არ ვამეცადინოთ?
როგორც სპეციალისტი და არა როგორც პიროვნება, არ ვარ მომხრე ზაფხულში მეცადინეობის. კარგი იქნება თუ ბავშვი თავად აარჩევს წიგნს და იმას წაიკითხავს შეიძლება ერთად, შეიძლება თავად წაიკითხოს და ერთად იმსჯელოთ. ბავშვისთვის ეს უფრო საინტერესო იქნება, რადგან დავალება არ არის. დავალებები, სჯობს, რომ არ იყოს არდადეგების დროს." - ამბობს თამარ გაგოშიძე.