ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო
ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ექსპორტირებული, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს თუ შევადარებთ, რაოდენობრივად 26 პროცენტია ზრდა, ხოლო თანხობრივად, 24 პროცენტი, რაც ასევე სასიხარულოა, ვინაიდან, გარკვეული შეფერხებები იყო გასულ წელს და წლევანდელი წელი უკვე ამ 6 თვის ჭრილში, სჯობს.
დავით ტყემალაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
„თუ გადავავლებთ თვალს სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული გვაქვს როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ბუნებრივია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეთვალყურეობით და ეს გეგმებია სამწლიანი, ხუთწლიანი, ათწლიანი, სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. მიმდინარე ექვსი თვის მაგალითზე თუ ვილაპარაკებთ, რომელიც ყოველთვის დარდება წინა წლის მონაცემებს, საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს.
გეოგრაფიული არეალი გაზრდილია. 61 ქვეყანა ვახსენეთ, მაგრამ ეს არ არის 61 ქვეყანა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება. ხორციელდება 83 ქვეყანაში, აქედან, უბრალოდ წელს 61 ქვეყანაში აქტიური ექსპორტი იყო.
ბოლო რამდენიმე წელია დავამატეთ და ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი ახლაც და სამომავლოდაც არის სკანდინავიის ქვეყნები, იაპონიის ბაზარი, სამხრეთ კორეა და ამ მნიშვნელოვან, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ ბაზრებზე, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. აგრძელებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიულ მარკეტინგს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დინამიკა ჩვენს შრომასთან თავსებადია. ვგულისხმობ, რომ ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ და იმედი გვაქვს, ახალი ქვეყნებიც დაემატება“, - აღნიშნა მან.