ბაიდენის კამპანია მის მიერ კანდიდატურის მოხსნისთვის მზადებას იწყებს - ნიუ იორკ თაიმსი
ჯო ბაიდენის კამპანიაზე მომუშავე გუნდი, სავარაუდოდ, უკვე განიხილავს რა უნდა გააკეთოს, თუ ის კანდიდატურის მოხსნას გადაწყვეტს. ამის შესახებ ,,ნიუ იორკ თაიმსი" წერს პრეზიდენტის ახლო წრეზე დაყდნობით.
ხუთშაბათს, ბაიდენთან დაახლოებულმა რამდენიმე ადამიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ის იწყებდა იმ იდეის მიღებას, რომ მას გამარჯვების მცირე შანსი აქვს და შესაძლოა, პარტიის წევრების ზეწოლის გამო საარჩევნო რბოლიდან გასულიყო.
ერთ-ერთმა ამ თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ბაიდენს კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამავე დროს, მეორე ამბობს, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ბაიდენი მალე გააკეთებს ასეთ განცხადებას და მხარს დაუჭერს კამალა ჰარისის კანდიდატურას.
ბაიდენის ბანაკიდან გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, მისი სურვილი გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე მეტად წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის ზეწოლამ შეარყია, ასევე მისთვის არასახარბიელო სოციოლოგიამ და პარტიის მთავარი დონორების სკეპტიკურმა განწყობამ.
ბაიდენის მრჩევლებს შორის დისკუსიები, სავარაუდოდ, იქამდეც მივიდა, რომ განიხილეს საუკეთესო დრო და სხვა დეტალები, თუ როგორ უნდა გამოაცხადოს მისი არჩევნებიდან გასვლა, თუ პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს.
ბაიდენის ერთ-ერთი თანაშემწე ამბობს, რომ კამპანიის გუნდში და თეთრ სახლში ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ბაიდენის რბოლიდან გასვლა უკვე გარდაუვალია და ერთადერთი საკითხია, როდის და როგორ მოხდება ეს.
ამავე თანამოსაუბრის თქმით, მსგავსი საუბრები რამდენიმე დღის წინ არ მიმდინარეობდა.
თეთრ სახლთან ნაკლებად დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ პარტიაში იზრდება მოლოდინი, რომ ბაიდენი მალე გადაწყვეტს არ იყაროს კენჭი.