მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს - თეონა აქუბარდია
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების და ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხებული პერსპექტივის თაობაზე ისაუბრა.
„ლატვია საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. როგორც წესი, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა საქართველოს ყველაზე მეტად უჭერდა მხარს რუსული აგრესიიდან და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე. ლატვია დღეს ყველაზე ხმამაღალი არის "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, რომელმაც ღიად წაიყვანა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროსკენ, მათ შორის მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება. შესაბამისად, ეს საფრთხე რომ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქვეყანაზე ფაქტია, ახლა მთავარია, არჩევნების მეშვეობით შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა. თავისუფალი და სამართლიანია არჩევნების ჩატარების წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომ ეს ასე არ მოხდეს. საქართველომ არათუ უკუსვლა უნდა განიცადოს ევროპული მომავლის გზაზე, რომელიც უკვე დამდგარი შედეგია, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შევძლოთ",-განაცხადა აქუბარდიამ.